ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქ. თბილისში, კორონავირუსით გამოწვეული უიმედო სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლებოდა დახურულიყო რაინერის ევროპული რესტორანი და სასტუმრო «ქართლი» და 24 თანამშრომელი, რომელთაგან ზოგი ათი და ზოგიც უკვე ოცი წელია, რაც ამ დაწესებულებებშია დასაქმებული, სამსახურიდან გათავისუფლების საფრთხის წინაშე მდგარიყო.
უმუშევრობა საქართველოში, როგორც წესი, სიღარიბესთან ასოცირდება. საქართველოს თითქმის არ აქვს სოციალური უსაფრთხოების სისტემა და უმუშევარს, თუ ოჯახი ვერ შეინახავს, შიმშილი ემუქრება. უნდა აღინიშნოს, რომ აქ უამრავი გაჭირვებული ადამიანი ცხოვრობს, რომელიც შიმშილის ზღვარზეა და რომელთაც უფასო სასადილოებში ყოველდღიური კვება შეუწყდათ. მათ შორის არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები და მოზარდები სოციალურად დაუცველი ფენებიდან. მათთვის განკუთვნილი სპეციალური სკოლები უკვე დაიხურა. ისღა დაგვრჩენია, ამ პრობლემებიდან გამოსავალი ვეძებოთ. იდეა საკმაოდ მარტივია: კორონავირუსისგან გამოწვეული კრიზისის დროს, რაინერის ევროპული რესტორნის თანამშრომლები გაჭირვებულებს და ღარიბებს, ერთი თვის განმავლობაში, ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფენ.
ჩვენ სპეციალურად ამ მიზნით ჩამოვაყალიბეთ საქველმოქმედო ფონდი, სახელწოდებით „ვეხმარებით საქართველოს“. სოციალურად დაუცველთა მისამართები მოვიძიეთ ორი პარტნიორი ორგანიზაციის საშუალებით. ესენია: საქართველოში არსებული ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო-პედაგოგიური სკოლა თბილისში და, ასევე, მათი პარტნიორი ორგანიზაციები, როგორიცაა ზოლინგენის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქველმოქმედო ორგანიზაცია საქართველოში“.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქალაქ ეპელჰაიმის ევანგელური ეკლესიის მრევლი, უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში არსებულ ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას უდგას მხარში. გერმანიის ეკლესია იქაური მრევლისთვის მრავალ მოგზაურობას უწევს ორგანიზებას, საქართველოს მიმართულებით. ამჯერად კი, ეკლესიის მრევლი შეთანხმდა, რომ შეგროვებულ შემოწირულობას გადმორიცხავენ საქართველოს დასახმარებლად. გერმანულ-ქართული თანამშრომლობის პასუხისმგებელი პირია სამრევლო საბჭოს წევრი, ბატონი მარტინ გრამი, რომელიც, ასევე, ქ. ეპელჰაიმის საკრებულოს წევრიცაა.
საქველმოქმედო ფონდს საკმაოდ ერთგულად ხელმძღვანელობს ორი მენეჯერი ქალბატონი: ნათია კოდიაშვილი და სალომე ღუღუნიშვილი. როგორც კი შესაძლებელი გახდება საქართველოსკენ გამგზავრება, ფონდს უხელმძღვანელებენ, ასევე, ამავე ფონდის გერმანელი წევრები – ბატონი მარტინ გრამი და ბატონი რაინერ კაუფმანი. დაფინანსების მიზნით ჩვენ შევძელით, საკმაოდ მოკლე დროში დავკავშირებოდით გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მეგობრების დიდ ნაწილს, რომელთაც გამოთქვეს სურვილი, ყოველდღიურად გაუწიონ სპონსორობა გაჭირვებაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს კვების მხრივ.
კვების ღირებულება დღეში, ადგილზე მიტანით, 2,50 ევროა. გაცვლითი კურსიდან გამომდინარე, რომელიც ამჟამად საკმაოდ არასტაბილურია, ეს თანხა დაახლოებით რვა ლარის ექვივალენტია. თვიური ღირებულება შეადგენს 75 ევროს. დამატებით მიღებული სამი დიდი შემოწირულობის წყალობით, აპრილიდან შეგვიძლია მოვამზადოთ და ადგილზე მივართვათ დღეში 50–60 საკვები ულუფა. მოხარული ვიქნებით, თუ სხვა სპონსორებიც შემოგვიერთდებიან, ვინაიდან სოციალურად დაუცველთა რიცხვი საკმაოდ დიდია. ამ ვებგვერდზე დაინტერესებული პირები ნახავთ ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენი მიმდინარე პროექტის შესახებ, რომლითაც მცირედით მაინც შევეწევით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. აპრილის პირველ დღეებში უკვე მივიღეთ უამრავი მადლობა, რომელიც, გარკვეულწილად და მნიშვნელოვნად ჩვენი სპონსორების დამსახურებაცაა.
დავუბრუნდები დასაწყისში აღნიშნულ საკითხს რესტორანში სამუშაოების შენარჩუნებასთან დაკავშირებით. უკვე შეგვიძლია, ჩვენი ორგანიზაციის მხარდამჭერები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენი თანამშრომლები მათი წყალობით შეინარჩუნებენ სამუშაო ადგილებს. ამრიგად, ამ ფონდზე მუშაობას გავაგრძელებთ მას შემდეგაც, როდესაც კორონავირუსისგან გამოწვეული შეზღუდვები დასრულდება და, შესაბამისად, უკვე დავიწყეთ მუშაობა გრძელვადიან კონცეფციებზე. არა უგვიანეს 2021 წლისა, რესტორანი საქველმოქმედო ფონდს გადაურიცხავს 2.50 ევროს ოდენობის თანხას ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაჯავშნულ ყველა ტურისტულ დღეზე საქართველოში, რაც, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ერთი კვების ულუფის ექვივალენტს უდრის. მოხარული ვართ იმ ფაქტით, რომ მას შემდეგ, რაც, შექმნილი ვითარების გამო, საქართველოში ჩვენი ბიზნესის არსებობა გარკვეული საფრთხის წინაშე იდგა, კვლავ შეგვიძლია, გავაგრძელოთ მუშაობა და ჩვენს თანამშრომლებთან ერთად შევძლოთ მომზადება იმ დროისათვის, როდესაც ტურიზმი, სასტუმრო და რესტორანი განვითარდების ნორმალურ ეტაპს დაუბრუნდება. შესაბამისად, შევძლებთ კვლავ გავუმასპინძლდეთ ჩვენს სტუმრებს და მეგობრებს გერმანიიდან და მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
სხვათა შორის, წელს 30 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პირველად ვესტუმრეთ. ეს ქვეყანა უფრო და უფრო შეგვიყვარდა. როგორც ქვეყანისათვის, ასევე ჩვენთან დასაქმებული ადამიანების კეთილდღეობისათვის ჩავდეთ ფინანსური ინვესტიცია და უფრო მეტი დრო და ენერგია. და, ეს ყოველივე რომ არ გაჩერდა, უნდა ვუმადლოდეთ ყველას, ვინც ჩვენს საქველმოქმედო ორგანიზაციას ჩაუდგა სათავეში. ესენია: ქალბატონი გაბი კაუფმანი, რაინერ კაუფმანი, შპს „ერკა- რაიზენი“, სასტუმრო „ქართლი“ და რაინერის ევროპული რესტორანი.
გაბი კაუფმანი რაინერ კაუფმანი
შპს „ერკა-რაიზენი“ სასტუმრო „ქართლი“ რაინერის ევროპული რესტორანი